თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მაღლივი კორპუსის მშენებლობაზე ისაუბრა. დავით ზურაბიშვილის თქმით, საუბარია მათემატიკის გამოთვლითი ცენტრის ყოფილი შენობის ნაცვლად 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, რასაც იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.
დეპუტატის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ადგილია.
„ეს არის ნამდვილი ურბანული ჯუნგლები. კორპუსებს შორის მანძილი ორ მეტრს არ აღემატება, ამასთან, ირგვლივ აღარ არსებობს მწვანე ნარგავები’’,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი მაღლივი კორპუსის აშენება მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიას საკითხის დამატებით შესწავლას სთხოვს და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე მაღლივი კორპუსების მშენებლობის შეჩერების ინიციატივით გამოდის.
,,ვიმედოვნებ, რომ თბილისის მერია შეძლებს როგორც ინვესტორის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ისეთ გამოსავალს მოძებნის, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს’’,-აღნიშნა დეპუტატმა.